საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში აღმოსავლური კოლექციის ნიმუშების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. კატალოგის ავტორია პროფესორი გიორგი კალანდია, გამომცემელი - შორენა შავერდაშვილი. კატალოგი ხელოვნების სასახლის და საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების მიერ მომზადდა და სტამბა „სეზანის“ მხარდაჭერით ქართულ, ინგლისურ და იაპონურ ენებზე გამოიცა. ის 100-ზე მეტ ნივთს მოიცავს.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. კულტურის მინისტრმა მუზეუმის თანამშრომლებსა და დამსწრე საზოგადოებას მუზეუმის საერთაშორისო დღე და ახალი გამოფენის გახსნა მიულოცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი, სამეფო აზიური საზოგადოების პრეზიდენტი გიორგი კალანდია, სამეფო აზიური საზოგადოების ვიცე -პრეზიდენტი თამარ ლაცაბიძე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დოვლეტმირატ სეიტმამედოვი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში მეჰდი საადათნეჟადი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ექსპერტი სახალხო დიპლომატიის საკითხებში მოჯთაბა მუსავი, ასევე - მუზეუმების თანამშრომლები და სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლები.
გამოფენაზე მუზეუმის მრავალფეროვანი ორიენტალისტური კოლექციის გარდა, რომელიც წარმოადგენს იაპონიას, ჩინეთს, შუამდინარეთს, სპარსეთს, თურქეთს, ავღანეთს, არაბეთს, ინდოეთს, ინდონეზიას, ნეპალს, მონღოლეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, ასევე, წარმოდგენილი იყო ტექსტილი, ავეჯი, სამკაული, იარაღი, სხვადასხვა ნივთი და საქართველოში ერთადერთი, ლურსმნული დამწერლობით შესრულებული 4000-წლოვანი ფირფიტა, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მუზეუმმა გასულ წელს კერძო პირისგან შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების და მუზეუმის დირექციის ინიციატივით 2020-2023 წლებში მუზეუმის კოლექციები მნიშვნელოვნად შეივსო.