ოლესია თავაძის კატალოგის პრეზენტაცია ხელოვნების სასახლეში



23 სექტემბერს საქართველოს ხელოვნების სასახლის გოთურ დარბაზში, ოლესია (ლესა) თავაძის კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მხატვრის ახლობლები, კოლეგები, მოწვეული სტუმრები და დამსწრე საზოგადოება. გამოცემა მომზადდა თბილისის მერიის, საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოებისა და საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის ხელშეწყობით.

ოლესია თავაძე თანამედროვე ქართული მხატვრობის ორიგინალური და განსაკუთრებული წარმომადგენელია. დაიბადა 1944 წლის 17 იანვარს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მუშაობდა მხატვრად ცირკის ქართულ დასში, თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსულ მინიატიურებისა და ბათუმის თეატრებში, თანამშრომლობდა გელა კანდელაკის ჩრდილების თეატრთან (კოსტუმები, სცენოგრაფია) და ვოკალურინსტრუმეტულ ანსამბლთან ,,რერო”. გაფორმებული აქვს არაერთი წიგნი, უმეტესად საბავშვო ლიტერატურის ჟანრში.  არის სერიოზული ფერმწერი, რომელიც იმავდროულად მუშაობს გამოყენებითი ხელოვნების განხრითაც - აკეთებს თოჯინებს, საავტორო კოსტიუმებს. მონაწილეა მრავალი პერსონალური და ჯგუფურო გამოფენის. ამასთანავე ოლესია თავაძე არაერთი წიგნისა და ლიტერატურული პუბლიკაციის ავტორია, როგორც მწერალ პროზაიკოსი, საბავშვო მწერალი და ესეისტი.

კატალოგში წარმოდგენილია მხატვრის მიერ შესრულებული წიგნის ილუსტრაციები, როგორც სხვადასხვა ზღაპრისა და პოეტური ტექსტებისთვის, ასევე მისივე ავტორობით შექმნილი ნაწარმოებებისთვის. გარდა ამისა, შეტანილია ქართული ცირკისა და თეატრისთვის შესრულებული კოსტიუმის ესკიზებიც.  განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს აზიური თემატიკა, რომელთან დაკავშირებითაც კატალოგში შესულია 19 ესკიზი ესენია: ჟ.ტ დიორდის ,,ნეპალური ამბავი”, (5 ილუსტრაცია), იაპონური ზღაპრები, ,,ტენგუს მარაო” (4 ილუსტრაცია) და ვ. ჰაუფის ,,პატარა მუკის ამბები” (10 ილუსტრაცია).