თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების წევრი გახდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების პირველი წევრი გახდა. საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოება დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოების წევრია 2023 წლიდან. თსუ რექტორს სამკერდე ნიშანი საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების პრეზიდენტმა გიორგი კალანდიამ გადასცა, წევრობის დამადასტურებელი სერთიფიკატი კი, ვიცე პრეზიდენტმა თამარ ლაცაბიძემ.
„ბევრი არ გვიფიქრია, თუ ვინ უნდა ყოფილიყო საზოგადოების პირველი წევრი. გადავწყვიტეთ, რომ ეს პიროვნება უნდა ყოფილიყო ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და, ამავე დროს, თავად უნდა ყოფილიყო ისეთი პიროვნება, რომელსაც საზოგადოება პატივს სცემს. ამიტომაც გადავწყვიტეთ თსუ რექტორი, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია მიგვეღო საზოგადოების პირველ წევრად,“- განაცხადა გიორგი კალანდიამ.
თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, დიდი პატივი და დიდი ნდობის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ ათწლეულების შემდეგ ქართველ მეცნიერთაგან პირველი გახდა ამ საზოგადოების წევრი. „დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოება საუკუნეზე მეტია ახორციელებს საინტერესო კვლევებს აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საზოგადოების წარმომადგენლობის საქართველოში დაარსებას, ამით ქართველი მეცნიერები კიდევ უფრო დაუახლოვდებიან მსოფლიო მეცნიერთა დიდ ოჯახს. ეს ხელს შეუწყობს ქართველოლოგიის პოპულარიზაცია-განვითარებას, უცხოელი მეცნიერების ამ დარგით დაინტერესებას. თსუ მზადაა უმასპინძლოს სამეფო საზოგადოების საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც კიდევ ერთი ხიდი იქნება ქართველ და მსოფლიო აღმოსავლეთმცოდნეებს შორის.“
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოება 1823 წელს დააარსა ცნობილმა ინგლისელმა მეცნიერმა, აღმოსავლეთმცოდნემ, სანსკრიტოლოგმა ჰენრი თომას კოლბრუკმა. საზოგადოებამ 1824 წელს მეფე გეორგ მეოთხესგან მიიღო სამეფო ქარტია აზიასთან დაკავშირებული მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების წახალისებისა და მფარველობისთვის. 1834 წლიდან საზოგადოების სამეცნიერო ჟურნალს წელიწადში ოთხჯერ გამოსცემს კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თავის დროზე სამეფო საზოგადოების წევრები იყვნენ იოანე ბატონიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი წერეთელი.
პირველი აზიური საზოგადოება დაარსდა 1784 წელს კალკუტაში, რომელიც შემდგომში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის აზიის სამეფო საზოგადოების ასოცირებული საზოგადოება (წარმომადგენლობა) გახდა. მას შემდეგ წარმომადგენლობები შეიქმნა იაპონიაში, ჩინეთში, ჰონგ კონგში, კორეაში (1900 წელს), შრი ლანკაში და სხვა.
საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების მისიაა გამოიკვლიოს და ხელი შეუწყოს ახალი ისტორიული არტეფაქტების, ძეგლების აღმოჩენას, საქართველოს შესახებ აზიური წყაროების მოძიებას და კვლევას ; აგრეთვე, აზიის შესახებ ქართული ისტორიული და ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზს, თარგმნას და პოპულარიზაციას.