ქართული თეატრის დღე - ნიღბების გამოფენა



14 იანვარს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ ნიღბების გამოფენას, რომელიც სხვადასხვა კულტურის ტრადიციებს ერთ სივრცეში აერთიანებს. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამეფო აზიურმა საზოგადოებამ, სადაც გამოიფინა საზოგადოების კუთვნილი ნიღბები.

ექსპოზიცია მოიცავს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის თეატრალურ, რელიგიურ და საკარნავალო ნიღბებს, რომლებიც მრავალსაუკუნოვან ისტორიას გვიჩვენებენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უნგრული ფოლკლორული ბუშოს ნიღაბი, რომელიც უნგრელთა გამანთავისუფლებელ ბრძოლას უკავშირდება თურქ-ოსმალთა წინააღმდეგ, და ქართული თეატრალური ბერიკაობის ნიღბის ნიმუში.

დამთვალიერებელი იხილავს ვენეციურ საკარნავალო ნიღბებს — კარნავალის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოს, რომლის ისტორია შუა საუკუნეებიდან რენესანსამდე ვრცელდება. ასევე წარმოდგენილია ვენეციური „ჯოლი“ (Jolly) — ჯესტერის ტიპის ნიღაბი, რომელიც კომედია დელ’არტეს თეატრალურ ტრადიციას უკავშირდება. ბერძნული ტერაკოტის ნიღაბი - რომელიც ანტიკურ საბერძნეთში სხვადასხვა თეატრალური დადგმის დროს გამოიყენებოდა, აგრეთვე აფრიკული, მონღოლური, ინდური, ტაილანდური, ფილიპინური, იაპონური და სხვა კულტურების ნიღბები.

საგამოფენო სივრცეს დაამშვენებს ქართველი ახალგაზრდა ხელოვანის, შოთა თხილიშვილის, უნიკალური ნიღბებიც. იგი თვითნასწავლი ხელოვანია და დღეს საქართველოს მასშტაბით ერთადერთი ნიღაბთა ოსტატია საკუთარ უნიკალურ ჟანრში. მისი შემოქმედება აერთიანებს რელიეფურ ხელოვნებას, ისტორიას, მითოლოგიასა და ტრადიციული ნიღბების ხელობას. ავტორს შემუშავებული აქვს ინდივიდუალური ტექნიკა, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. იგი არის სერტიფიცირებული ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი და ბრენდების Menighbe და Sunstate დამფუძნებელი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიური მოტივების მიხედვით მის მიერ დამზადებული ორმოცამდე ნიღაბი. შოთა თხილიშვილი ერთდროულად არის მხატვარი, მენიღე და დეკორატორი, რაც მის ნამუშევრებში ქმნის ვიზუალური ხელოვნების, თეატრისა და დიზაინის სინთეზს რომელიც სასახლის ექსპოზიცას მრავალფეროვან შტრიხს სძენს.