20 სექტემბერს, ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აზიის სამეფო საზოგადოების მხარდაჭერით გაიმართა გამოფენა - ბაგრატიონები.
გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველ ხელმწიფეთა და ბატონიშვილთა უნიკალური პორტრეტები, მათგან აღსანიშნავია უცნობი ავტორის მე-19 საუკუნეში შესრულებული თამარ მეფის პორტრეტი, ანანურის კომპლექსის ფონზე. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II ყმაწვილობის ტილო და თეკლე ბატონიშვილის უნიკალური პორტრეტი. აგრეთვე იხილავთ ერეკლე მეფის ვაჟების გიორგი XII, იოანე და ალმასხან ბატონიშვილების პორტრეტებს, საქართველოს უკანასკნელი დედოფლის მარიამ ციციშვილის პორტრეტთან ერთად. გამოფენის მარგალიტია ქართლის მეფე გიორგი XI (ყანდაარის ბეგლარბეგი) პორტრეტი. ექსპოზიციაში ასევე ნახავთ საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელთა უნიკალურ იარაღს, მათ შორის აღსანიშნავია მეფე ბაქარის, მეფე კონსტანტინესა და მეფე გიორგის ცეცხლსასროლი იარაღები. დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს თეიმურაზ მეფის ხმალი, იმერეთის მეფის ალექსანდრე III აბჯარი, ვახტანგ VI ასტროლაბი, რომელიც მისი დაკვეთით ირანში, აბდალ’აიმ უმცროსმა თითბერისგან დაამზადა. ასევე ნახავთ ბაგრატიონთა საგვარეულო გერბსა და პერსონალურ ჭურჭელს მონოგრამებით.
ამასთანავე, კულტურის სამინისტროსა და საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების მხარდაჭერით გამოიცა ღია ბარათების კრებული ,,ბაგრატიონები“ სადაც შესულია 16 პორტრეტი, მეფე ვახტანგ VI კუთვნილი ასტროლაბი და იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის ჯაჭვის პერანგი.